Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხანდაზმულ ქალს ე.წ. საზღვარი გაუხსნა


ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორთან

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან დაკეტილი ე.წ. საზღვრიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გაუშვა 79 წლის ქალი, რომელსაც გეგმური მკურნალობის გაგრძელება სჭირდებოდა.

ამ ფაქტის გამო დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განცხადებაც კი გაავრცელა. მისი ინფორმაციით, „რესპუბლიკის გარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა ლენინგორის რაიონის მცხოვრები ივლია კიბილოვა, რომელიც აღრიცხვაზეა საქართველოს ონკოლოგიურ სამკურნალო დაწესებულებაში“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს დაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

ოქტომბრის ბოლოს, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ინსულტის გამო სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ოჯახს პაციენტის გადაყვანა სურდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, თუმცა, ოჯახის თხოვნის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" ამოქმედების მიუხედავად, ე.წ. საზღვარზე არც ის გაატარეს. ე.წ. საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს სხვა ახალგორელებსაც, რომლებსაც გადაუდებელი, ან გეგმური სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდათ.

ახალგორის რაიონის მცხოვრებთათვის დამატებით შექმნილი პრობლემის მოგვარებას ქართული მხარე საოკუპაციო ძალებთან ცდილობს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლების შუამავლობით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

2 დეკემბერს, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაზდახანის პუნქტიდან საქართველოში გამგზავრების ნება დართოს ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებიც შეყვანილნი არიან მთავრობის 119-ე დადგენილებაში, არ აქვთ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“.

დე ფაქტო მთავრობის ე.წ. 119-ე დადგენილებით, იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“ და სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ, ე.წ. საზღვარზე გადასვლა სპეციალური საშვით შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG