Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოს აფრთხილებს


ოპოზიციური პარტიები ეჭვობენ, რომ აჭარის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტის მსგავსად აპირებს უარი თქვას საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

დღეს, 6 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“ და „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერებმა და აქტივისტებმა დაპირების შესრულების მოთხოვნით, გამაფრთხილებელი აქცია-მსვლელობა გამართეს ბათუმის ცენტრალური პარკიდან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე.

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია აბულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ საკითხი პლენარულ სხდომაზე არ დამდგარა, რაც აფიქრებინებთ, რომ ხელისუფლება ამ ცვლილების ჩაგდებასაც აპირებს: „ამიტომ დღეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ხელისულებას მოვუწოდეთ შეასრულოს ხალხისთვის მიცმული დაპირება".

ოპოზიციურმა პარტიებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ-მაჟორიტარული წესით არჩევის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთ მოთხოვნას საქართველოს პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევის შესახებ და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინა. პარალელურად, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამაც მოამზადა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ანალოგიური ცვლილების პროექტი, რომლის საჯარო განხილვა ზაფხულში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ვერ მიიღო საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელსაც ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოს ადგილობრივ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება სხდომაზე ამ დრომდე არ განუხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG