Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილია“: 14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს


„საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აიძულებენ ამ დღისთვის მობილიზაციას, რათა მოხდეს მათი თბილისში ტრანსპორტირება სპეციალურად უზრუნველყოფილი ავტობუსებით“, - იტყობინება სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მათი ინფორმაციით,14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს.

„სირცხვილიას“ განცხადებით, „სამსახურების უფროსები უხეშად სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებს, როდესაც ქვეშევრდომებს დამნაშავე ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივიზმში ჩაბმას აიძულებენ. ისინი თელავენ საჯარო მოხელეთა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, როდესაც ისეთ დამამცირებელ სამუშაოს აკისრებენ, როგორიცაა მობილიზაცია ხელისუფლების ტყუილებისა და დანაშაულების გასამართლებლად“.

„სირცხვლია“ საჯარო მოსამსახურეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფს დაუკავშირდნენ.

„არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ჩვენ იურიდიულ დახმარებას აღმოგიჩენთ, რათა სამუშაო ადგილი თავის დამცირების ვალდებულების გარეშე შეინარჩუნოთ“, - აცხადებს „სირცხვილია“.

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, რა იგულისხმება „სირცხვილიას“ განცხადებაში. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება უკავშირდება იმას, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. პარტიის ინფორმაციით, ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება არის დაგეგმილი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმატში.

6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე ამ შინაარსის განცხადებითაც გამოდის: „მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საფრთხე არ შეექმნას“.

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების თაოსნობით, თბილისში, ორბელიანის მოედანზე კონცერტი გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG