რუსთავის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გააპროტესტა მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს დაგეგმილი მშენებლობა რუსთავში, გარეჯის ქუჩის 28 ნომერთან, საწარმოს მშენებლობის ადგილზე. „ქარხნები შორს დასახლებული პუნქტებიდან!“ - მოითხოვდნენ აქციის მონაწილენი, რომელთა უმეტესი ნაწილი გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლები იყვნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, მათ ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო უარესად აისახება. მათივე განცხადებით, რუსთავის საწარმოო ზონაში უამრავი აუთვისებელი ტერიტორიაა, სადაც შესაძლებელია ახალი საწარმოების აშენება.
რუსთავის საკრებულომ კომპანია „ეკო ოილს“ მეორადი ტექნიკური ზეთის საწარმოს მშენებლობაზე ნებართვა მისცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ასევე, ამ ანგარიშის შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საკრებულოს შეეძლო მინისტრის ბრძანების უგულებელყოფა, რადგან გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მითითებული მინიმალური მანძილი 470 მეტრი, რომელიც ახალ საწარმოს დასახლებული პუნქტიდან აშორებს, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი გაცილებით მცირეა.