Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: რუსული კულტურის ცენტრის გახსნის დრო ჯერ არ არის


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში რუსული კულტურის და ენის ცენტრის გახსნის დრო ჯერ არ არის. მისი სიტყვებით, რუსეთი ხშირად იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის მსგავს ცენტრებს და ამის მაგალითებიც ვიცით. ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ გააკეთა.

„ის უნდა ვთქვათ, პირველ რიგში, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულად უაღრესად ღია ქვეყანა და შემწყნარებელი, თუნდაც თავის ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევების დროს. ასე რომ, ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი ცენტრების გახსნა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონი, ყველაფერს აქვს თავისი დრო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრაღაში გამართული კარასინ-აბაშიძის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა, რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ასეთი ცენტრის გახსნის შესახებ ცნობას უარყოფს ზურაბ აბაშიძე.

XS
SM
MD
LG