Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება


საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მისი თქმით, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე კარასინის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომ საქართველოში იგეგმებოდა მსგავსი ცენტრის გახსნა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მან მაშინვე უპასუხა, რომ ინფორმაციას თბილისში დაბრუნებისას გაეცნობოდა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

„გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით ვადასტურებ, არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. ეს საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც ის გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ ანუ ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

პრაღაში 28 ნომბერს გამართული კარასინ-აბაშიძის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა, რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ასეთი ცენტრის გახსნის შესახებ ცნობა უარყოფო ზურაბ აბაშიძემ.

„თავისუფლების ინსტიტუტი“ მოითხოვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ რუსეთთან მოლაპარაკებები აკრძალოს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის მოწინააღმდეგეთა პეტიციას, რომელიც ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა, ხელს უკვე აწერს 3500-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG