Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანული მედია:  საზღვართან დაჭრილი მოქალაქე 26 წლის ლამბალოელი მწყემსია


6 დეკემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ვინაობას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს - საგენტო Day.Az. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაჭრილია საქართველოს მოქალაქე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი, 26 წლის (1993 წელს დაბადებული) რამინ ნიზამი ბაშიროვი (ოღლუ).

აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ჯეირანჩოლის მახლობლად მოხდა, სადაც მწყემსმა ცხვრის ფარასთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სცადა, სადაც ის მესაზღვრეებმა შეაჩერეს.

აზერბაიჯანის სასაზღვრო დანაყოფმა ცხვრის ფარა ტერიტორიიდან გაიყვანა, რა დროსაც ფარის მცველი 10 ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მათ კი თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლეს, თუმცა გამაფრთხილებელმა გასროლამ შედეგი არ გამოიღო და მათ ძაღლებს დაუწყეს სროლა.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაიჭრა მწყემსიც - მესაზღვეებმა ის თავის ცხენთან ერთად მიწაზე დავარდნილი იპოვეს.

კიდევ ერთი აზერბაიჯანული მედია იწყება, რომ , მწყემსი თავშია დაჭრილი.

რამინ ნიზამი ოღლუს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს. აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქმეში ჩართულია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის უფროსის მოადგილე ასკერ ხალილოვი, რომელიც უკვე შეხვდა ქართულ მხარეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე შემთხვევით დაშავდა და ამ ფაქტს იძიებენ. თუმცა შსს დამატებით არაფერს ამბობს თუ რა ვითარებაში, კონკრეტულად რა ადგილას დაჭრეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მწყემსი.

შსს-ს ცნობით, პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ეს შსს-ს პრეროგატივაა.

ჩვენ დავუკავშირდით საგარეჯოს რაიონის გამგეობასაც, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ მათ მხოლოდ ჭორი გაიგეს და რომ მთავარი მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ველაპარაკეთ სოფელ ლამბალოს რწმუნებულს, მიხეიდარ ალიხანოვსაც, რომელმაც რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ

  • დაჭრილი მართლაც მათი სოფლის მკვიდრია;
  • რომ ის ახლა განჯის საავადმყოფოში მკურნალობს;
  • და რომ მასთან მამა ჩავიდა.

რა მოხდა ზუსტად საზღვართან - სოფელში არაფერი იციან.

პს. რადიო თავისუფლება განაგრძობს ამ საკითხის მოკვლევას და ახალი ინფორმაციის და მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებისთანავე განაახლებს ამბავს.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა ეტაპზეა საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობა და როდის გვეცოდინება კონკრეტული შედეგები, თუმცა პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ჯერჯერობით არ მიგვიღია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG