Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის ცნობით, ძველი მიკროავტობუსების ახლით შეცვლა მგზავრობას არ გააძვირებს


თბილისის მერიამ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად, სამარშრუტო მიკროავტობუსების პარკი განახლდება მგზავრობის ტარიფის გაზრდის გარეშე. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომპანიასთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. მისი განცხადებით „თბილისის მიკროავტობუსს“ აქვს მართლაც მძიმე მდგომარეობა დ არანაირი რესურსი, რომ ახალი მიკროავტობუსები შეიძინოს: „ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად, თვალი ეხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა“.

შესაბამისად, ხმალაძის თქმით, კომპანიის გადმოსახედიდან ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა ლეგიტიმურია და ეს დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით.

ვიცე-მერის ინფორმაციით, „თბილისის მიკროავტობუსთან“ მიღწეული შეთანხმებით, მერია და კომპანია ერთობლივად იწყებენ ძველი მიკროავტობუსების ახლით შეცვლას. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება, რადგან ტარიფის მატება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისების პოლიტიკას.

ვიცე-მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი 300 მიკროავტობუსის შესაძენად, შესყიდვას მუნიციპალიტეტი განახორციელებს და თბილისში მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები.

ხმალაძის განცხადებითვე, დადგენილი და შეთანხმებულია, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და მომდევნო პერიოდში, მჭიდრო თანაშრომლობით მოხერხდება კომპანიის მიერ პარკის დარჩენილი ნაწილის ჩანაცვლება და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტუბუსების გამოსყიდვა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ დედაქლაქში მოძრავი ძველი მიკროავტუბუსების შეცვლა 2020 წლიდან უნდა დაიწყოს და კომპანიასთან ერთად გეგმის მომზადება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. „თბილისის მიკროავტობუსმა“ მაშინ განაცხადა, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდის გარეშე ავტოპარკს ვერ შეცვლის.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" დედაქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრების მომსახურების 20 წლიანი ნებართვა 2011 წელს მოიპოვა.

XS
SM
MD
LG