Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ ფეხბურთელს „რაიო ვალეკანოს“ ფანატებმა „ნაცისტი“ უძახეს. მსაჯმა მატჩი შეწყვიტა


რომან ზოზულია
რომან ზოზულია

ესპანეთში კვირას მიმდინარე საფეხბურთო მატჩის დროს „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ შორის, მსაჯებმა შეწყვიტეს შეხვედრა „რიო ვალეკანოს“ ფანატების საქციელის გამო. მათ ნაცისტი უძახეს „ალბასატეს“ უკრაინელ ლეგიონერს, რომან ზოზულიას, რომელიც მანამდე „რაიო ვალეკანოში“ თამაშობდა.

თანაგუნდელის შეურაცხყოფის გამო, „ალბასეტეს“ ფეხბურთელებმა უარი თქვეს მოედანზე დაბრუნებაზე. მოგვიანებით გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ვიქტორ ვარელამ, განაცხადა, რომ „ზოზულია იყო დათრგუნული და გასახდელში ტიროდა“.

2017 წლის თებერვალში უკრაინელი ფორვარდი რომან ზოზულია არენდის უფლებით გადავიდა „რაიო ვალეკანოში“, მაგრამ სულ რაღაც ორ დღეში იძულებული შეიქნა, კლუბი დაეტოვებინა. ამის მიზეზი გახდა ფანატების ბრალდება, თითქოს, ზოზულიას კავშირი ჰქონდა უკრაინელ ულტრანაციონალისტებთან და საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინის არმიას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფეხბურთელის ფოტო, სამხედრო ფორმაში და ავტომატით ხელში.

რომან ზოზულიამ უარყო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებთან კავშირი, დატოვა „რაიო ვალეკანო“ და 2017 წლის სექტემბერში „ალბასეტეს“ თავდამსხმელი გახდა.

მადრიდის რაიონი ვალეკანო, სადაც იმავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი მდებარეობს, ცნობილია თავისი მემარცხენე შეხედულებებით.

ესპანეთის საფეხბურთო ლიგა (ლა ლიგა) გამოეხმაურა მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს და მხარი დაუჭირა მსაჯის გადაწყვეტილებას შეხვედრის შეწყვეტის თაობაზე, ფეხბურთელის მისამართით ფანატების მიერ გამოვლენილი აგრესიისა და შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო.

XS
SM
MD
LG