Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, ყველას გვაქვს უფლება, გამოვხატოთ აზრი


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს:

„ამ საქმეზე ემოციები და გადაჭარბებული, გნებავთ, ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები, პირველ რიგში, პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პირველივე საათიდან პატიმრობისა მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცედენტო ძალისხმევა ხორციელდება. მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ჩვენი უფლება, გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკრებულოს უმრავლესობა მის საკითხზე კონსულტაციებს 17 დეკემბერს გამართავს.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

„ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ- ნელა…“, - წერს ის ფეისბუკზე, თუმცა თავად გაზიარებული ინფორმაცია ამჟამად უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG