Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ყველაფერი მისაღებია, ომის გარდა


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ოკუპაციაა. თბილისში, „ელჩების კონფერენციაზე“ გამოსვლისას, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება და შედეგის მიღწევამდე დარჩება საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად: „რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არცერთი ის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მიღმა“.

პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაიმეორა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ ყველა შედეგი, რომელსაც ქვეყანა აღწევს, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, განკუთვნილია საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც.

„რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს, რომლებიც ჩართულნი არიან ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად: „ამ პატარ-პატარა შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი და რას ნიშნავს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელშიც ასეთი ყოველდღიური პრობლემები ექმნება თითოეულ შენს მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს“.

„ამ მიმართულებით უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია, ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღსდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებას უნდა მივყვეთ და შევასრულოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია“, 17-20 დეკემბერს, თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში იმართება.

XS
SM
MD
LG