Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ცოტნე გამსახურდიას ქირურგიული ოპერაცია


ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ქირურგიული ოპერაცია.

ქირურგმა გიორგი გვახარიამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ მედიასთან დეტალურად ილაპარაკა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. აღენიშნება პოლიტრავმა ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემოპნევმოთორაქსი ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით.

გარდა ამისა, აღინიშნება მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აკორმიონის მორჩის დაზიანებით და თავის, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა - ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ თორაკოტომია ანუ გავხსენით გულმკერდის ღრუ, ჩავატარეთ შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია“, - ამბობს ქირურგი.

ექიმის თქმით, ცოტნე გადაყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში. მას ჩაუტარდება თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია, დადგინდება დაზიანების ხარისხი და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მისი შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას - საჭირო იქნება თუ არა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ექიმმა ასე შეაჯამა: „სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა მძიმე პათოლოგიაა. პოლიტრავმა ეს არის ცხოვრებისთვის საშიში დაზიანება. ამჟამად პაციენტი ინტუბირებულია. სუნთქვის პროტეზირება უტარდება. მედიკამენტოზურად არის მისი ცნობიერება დაბინდული“.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG