Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი ექიმის პატიმრობაზე: ამოქმედდება ცუდი სცენარისთვის გათვალისწინებული გეგმა


ეს კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია, - ამგვარად შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდება.

დავით ზალკალიანის განმარტებით, აუცილებლად ამოქმედდება ის გეგმა, რომელიც ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული.

„ჩვენ აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან მიმართებაში, აუცილებლად ავამოქმედებთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი.

„პირველ რიგში, ეს იქნება ჟენევის თანათავმჯდომარეები. მე დაუყოვნებლივ მექნება მათთან სატელეფონო ზარები, ასევე მექნება კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მათ შორის, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ევროკავშირთან, გაეროსთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას ამოქმედებული ყველა მექანიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, თუ იყო დარჩენილი რაიმე ბერკეტი, რატომ არ ამოქმედდა ამ დრომდე, მინისტრმა უპასუხა, რომ ისინი არასდროს დაკმაყოფილებულან მხოლოდ იმით, რაც იყო ამოქმედებული.

„თქვენ ვისთან გაქვთ საქმე? საოკუპაციო რეჟიმთან, რომლისთვისაც არანაირი სამართლებრივი ნორმები არ არსებობს. ნუ გგონიათ, რომ ჩვენ არ ვფიქრობდით იმაზე და ვიყავით კმაყოფილი მარტო იმით, რაც იყო ამოქმედებული. ყველა შესაძლო, მათ შორის, სამართლებრივ განზომილებაზე ვფიქრობდით.

ოჯახთან გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია და ეს ყველაფერი ხდებოდა მათთან მჭიდრო კომუნიკაციით და სურვილები, რაც ოჯახიდან მოდიოდა, ჩვენი შემხვედრი ნაბიჯებით კმაყოფილდებოდა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

20 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG