Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სხვა ენა“: წიგნი ძალაუფლებისა და უთანასწორობის გრამატიკაზე


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

ამ დღეებში მორიგი კოლექტიური თავზარი დაგვეცა. სისხლისგამყინავი, გულისმომკვლელი ამბავი. 15 წლის ბიჭი, ლუკა სირაძე, სახელმწიფოს ინსტიტუტების პირისპირ აღმოჩნდა და ამ ინსტიტუტებმაც ის წარბშეუხრელად, მარშირებით, ორკესტრირებულად მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. ლუკას ამ სასოწარკვეთილ ნაბიჯს წინ უძღოდა კერძო სკოლის კედლებზე წითელი საღებავით და ოკრობოკრო ასოებით დაწერილი „ამ ცხოვრების დედაც“ - ფრაზა, რომლითაც ეს დღეები გადაჭრელებულია ფეისბუკის მომხმარებელთა კედლებიც და თბილისის ქუჩებიც. სიტყვები, რომლის დამწერმაც ან წყენაზე გვითხრა, ან გულისტკენაზე, ან იმედგაცრუებაზე, რომელსაც იმ მომენტში ტკივილით განიცდიდა. ზუსტად რა გვითხრა, ამას, საუბედუროდ, ვეღარასოდეს გავიგებთ.

პირიქით - ეს სიტყვები, თუ ამოძახილი, ჩაიმარხა სხვა, დამკვიდრებულ, ბრტყელ-ბრტყელ და, ასე ვთქვათ, „ნორმალურ“ ენობრივ ფორმულებში, რომლებსაც ამ ამბავთან დაკავშირებული ინსტიტუტები დროდადრო გამოისროდნენ ხოლმე ჩვენი - საზოგადოების - მისამართით. პირველ ეტაპზე, სანამ ლუკა სიკვდილს ებრძოდა, მოზომილად: „ვწუხვართ, მაგრამ“ - გვითხრეს სკოლამ და პოლიციამ. „სკოლა ვალდებული იყო რომ პოლიცია გამოეძახა“, „მოზარდი ჩვენს სკოლაში აღარ სწავლობდა“, „თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე დაწყებულია გამოძიება“. ლუკას გარდაცვალების შემდეგ, ცხადია, ეს ფრაზებიც უფრო დრამატული და ტრაგიკული გახდა: „უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ“, „უმკაცრესად დაისჯება ყველა“. ამ სტერილურმა, ოფიციალურმა ენამ საბოლოოდ შთანთქა მოზარდის ამოძახილი და მალე, ალბათ, ყველაფერი კვლავ ნორმასაც დაუბრუნდება. დროდადრო ისევ ფეისბუკზე თუ გამოკრთება ხოლმე სიტყვები „ამ ცხოვრების დედაც“ - ისიც მაშინ, როცა ჩვენი „ძალოვანი“ სისტემის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე გარდაუვალი მსგავსი ტრაგედიები მომავალშიც მოხდება და ლუკას სიტყვებს გაგვახსენებს.

დემურ სტურუას წერილი, 7 აგვისტო, 2016
დემურ სტურუას წერილი, 7 აგვისტო, 2016

ზუსტად ისე, როგორც ახლა გაგვახსენდა სამი წლის წინ გაგებული სხვა ფრაზა, რომელიც საპოლიციო სისასტიკის და ჩვენში მოქმედი დაუნდობელი, არაადამიანური ნარკოპოლიტიკის სიმბოლოდაა ქცეული. „დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - ამ სიტყვებით დაასრულა წერილი 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში, სანამ თავს ჩამოიხრჩობდა. მისი ეს გულისგანმგმირავი სიტყვები მას შემდეგ სტილიზებულ სტენსილებად იქცა, ამ ფრაზას ვხვდებით კედლებზე, ფეისბუკზე, საპროტესტო გამოსვლებზე. მაგრამ დემურის მთელი წერილის შინაარსი და ფორმა - იქაც ოკრობოკრო ასოები, გრამატიკულად გაუმართავი ენა და უდიდესი ტკივილისა და სასოწარკვეთის დამტევი მარტივი ფრაზები - ცოტა ვინმეს თუ ახსოვს.

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე

ამ ცოტა ვინმეს შორის არის გიორგი მაისურაძე, ფილოსოფიის პროფესორი და კულტურის მკვლევარი - რომელმაც დემურ სტურუას წერილი თავისი ახალი წიგნის, „სხვა ენის“, ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად აქცია. ეს წიგნი, რომელსაც „ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება, ბევრ თემას მოიცავს, თუმცა მთავარი ყოველთვის, ყველა თავში, მაინც ენის და ძალაუფლების ურთიერთმიმართების საკითხებია. ვისი, რომელი ჯგუფების ქართული ასოცირდება საზოგადოებრივ პრესტიჟთან, კეთილდღეობასთან, წარმატებასა და ძალაუფლებასთან; და რამდენი ჯგუფის, რამდენი ადამიანის ენაა გარიყული, ერთგვარ ეგზოტიკურ ორნამენტად ქცეული თუ ქედმაღლურად დაცინული ჩვენი საზოგადოების პრივილეგირებული ჯგუფების მხრიდან. რაც მთავარია, როგორია იმ ადამიანების ბედი, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორის გამო - იქნება ეს კლასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი კუთვნილება, ასაკი თუ განათლება - ვერც „სწორ“ ენას ფლობენ და არც ხმა მიუწვდებათ საჯარო სფერომდე. რამდენად დიდია მათი დაუცველობა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატების წინაშე, რამდენად შემზარავია მათი გარიყულობის, უხმობის და უძალობის მასშტაბი.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.


„სხვა ენა“ უჩვეულოა შინაარსითაც და ფორმითაც. ეს წიგნი არ არის სტანდარტული სოციოლინგვისტური გამოკვლევა, მისი სტრუქტურა ფრაგმენტულია, ოდნავ „თეზისური“. ერთმანეთს კალეიდოსკოპივით ენაცვლება აბზაცები, რომლებიც ყველა თავის ბოლოს შეერთდებიან ხოლმე მთავარი სათქმელის გადმოსაცემად. გიორგი დროდადრო იშველიებს სხვადასხვა ავტორს, მოაზროვნეს, ენათმეცნიერს, მათ შორის, ანტონიო გრამშის, კარლო გინძბურგს, რომან იაკობსონს და, ყველაზე ხშირად, ნიკო მარს - თუმცა მასთან ეს ავტორები, თავიანთი სათქმელით, ხშირად, თავად გადაიქცევიან ხოლმე ლირიკულ პერსონაჟებად. „სხვა ენა“ დიდწილად ავტობიოგრაფიულია, მაგრამ პირადი ამბების ინტიმური თხრობა მუდმივად ენაცვლება ისეთი მასშტაბური საკითხების ანალიზს, როგორებიცაა ენა, პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი, ენა და ეთნიკური უმცირესობები, ენა და პატრიარქალური წესრიგი. წიგნში ვკითხულობთ ენაზე, როგორც მანიპულაციის იარაღზე, იმ აფექტურ პოლიტიკურ ტონალობაზე, რომელიც ქართულ ენას ჯერჯერობით შეუქცევადად მოუტანა გვიანდელმა 1980-იანმა და ადრეულმა 1990-იანმა წლებმა. ვკითხულობთ იმაზეც, თუ რას ვამბობთ და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რას ვერ ვამბობთ ენის მეშვეობით.

ყველაზე საინტერესო, ყველაზე პროვოკაციული, მუსიკალურად თუ ვიტყვით, რაღაცნაირი ფარული კრეშენდოთი დაწერილი თავი კი ალბათ უკანასკნელია, სათაურით „კომუნიზმის ქრისტიანული უტოპია“, თავისი გაბედული პარალელით იმ ტრანსფორმაციას შორის, რომელიც ენას, თუ ენებს, მოუტანა ქრისტიანული და კომუნისტური უტოპიების გაჩენამ. ენამ, ერთი მხრივ, საკუთრივ ეს უტოპიები ასახა - თუნდაც მოკლე დროით და თუნდაც იმთავითვე გარკვეული განწირულობის ელფერით; მეორე მხრივ კი, საკუთრივ ამ უტოპიებით, თუ უტოპიებში, გაისმა იმ ადამიანების და ჯგუფების ენა, რომელიც მანამდე არავის ესმოდა. ასე მოხდა ადრეულ ქრისტიანობაში და ასე მოხდა, მაგალითად, ანდრეი პლატონოვთან - სტალინის მიერ ათვალწუნებულ მწერალთან, რომელიც 1951 წელს სიღატაკეში გარდაიცვალა, მაგრამ დღეს ბევრი მას მეოცე საუკუნის რუსეთის უდიდეს პროზაიკოსად მიიჩნევს. პლატონოვის 1927 წლის იდუმალი რომანი, „ჩევენგური“, გიორგი მაისურაძის სიტყვებით, „კომუნისტური და ქრისტიანული უტოპიების უნიკალური სინთეზია, რომლის მსგავსი მსოფლიო ლიტერატურაში დღემდე არ განხორციელებულა“.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG