Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს დაღუპული დემონსტრანტის ოჯახი


ირანში დააპატიმრეს გასულ თვეში, საპროტესტო აქციების დროს დაღუპული ახალგაზრდა კაცის ოჯახი. დემონსტრაციები გამოიწვია საწვავის ფასის მატებამ და ისინი 100-ზე მეტ ქალაქს მოედო.

ფოია ბახტარის ოჯახი სამთავრობო უწყებებმა სასაუბროდ დაიბარეს, იუწყებოდა ნახევრადოფიციალური სააგენტო მეჰრი 24 დეკემბერს, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. შემდეგ მათ ბრალად დასდეს "კონტრრევოლუციური პროექტის განხორციელება" და "ანტისტრუქტურული ქმედებები", წერს სააგენტო. "შესაბამისად, ეს ელემენტები დაპატიმრებულ იქნენ იურიდიული ორდერის საფუძველზე, რათა დაცული იყოს ღირსეული ხალხის და არეულობის მომწყობთა მიერ დაზარალებულების წესრიგი და უსაფრთხოება" - იუწყება სააგენტო, თუმცა არ აკონკრეტებს, ოჯახის რომელი წევრები მოექცნენ პატიმრობის ქვეშ.

ერთ-ერთმა ნათესავმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს ბახტიარის მშობლები და ოჯახის კიდევ სხვა წევრები, ბებიის ჩათვლით. დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია.

გავრცელებული ცნობებით, 27 წლის ბახტიარი მოკლეს ქალაქ კარაიში, თეირანიდან დასავლეთით, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო საწვავის ფასების 200 პროცენტით მომატების გადაწყვეტილების გამო. მისი მშობლები აცხადებდნენ, რომ 26 დეკემბერს კარაის სასაფლაოზე მისი დაღუპვიდან მე-40-ე დღის აღნიშვნას აპირებდნენ და თანმოქალაქეებს ცერემონიაზე ეპატიჟებოდნენ.

XS
SM
MD
LG