Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი ახალგორის ჩაკეტვას საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

ახალგორელებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სთხოვეს. ბიბილოვი ახალგორში 26 დეკემბერს იმყოფებოდა.

ადგილობრივ მცხოვრებთა მიმართვის საპასუხოდ, დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვას არ აპირებდნენ, სანამ „საქართველო არ შეიჭრა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უკანონო შეიარაღებული პოსტი არ განათავსა სოფელ უისტის(წნელისის) რაიონში“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ მოქალაქეები ერთი ქვეყნისა, სახელად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. როცა პრობლემა გვაქვს ერთ რაიონში, ეს ეხება მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას. მე, როგორც პრეზიდენტს, არ შემიძლია ხალხის დაყოფა და თუ მტრული მოქმედებები ეხება ერთი რაიონის მცხოვრებთ, ეს ეხება ყველას. შეუძლებელია, რომ ლენინგორის მცხოვრებთა ფასეულობები თავმოყრილი იყოს მხოლოდ საკუთარ ხელსაყრელ პირობებზე მაშინ, როცა წნელისელები ქართული საგუშაგოს ქვემოთ ავტომატების ლულის ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენ ერთი ხალხი ვართ და არაკეთილმოსურნეს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - განუცხადა ახალგორელებს ბიბილოვმა. მისივე თქმით, გზის დაკეტვის მიზეზია არა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება, არამედ საქართველოს მთავრობის ქმედებები“.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორელებს ურჩია, საქართველოს ხელისუფლებას მიმართონ და უკმაყოფილება გამოხატონ, რომ გზა დაკეტილია სწორედ მისი გაუაზრებელი და პროვოკაციული ქმედების - უკანონო საგუშაგოს განთავსების - გამო: „სთხოვეთ მათ, შეცვალონ პოლიტიკა მათ მიმართ, ვინც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს“.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალმა „პრეზიდენტს“ უთხრა, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოა და „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ დატოვება უნდა, მეორემ კი განაცხადა, რომ მისი ქმარი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა“ და გზის დაკეტვის გამო დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ბიბილოვმა ამ სიტუაციას ხელისუფლების და სამართალდამცავების მუშაობაში ხარვეზების შედეგი უწოდა: „თუ არის ხალხი, ვინც მუდმივ საცხოვრებლად ირჩევს ნებისმიერ ქვეყანას, არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს. საზღვრის გადაკვეთა არ უკავშირდება საცხოვრებელი ადგილის არჩევას. თუ ადამიანს მისი გამოცვლა სურს, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც საზღვრებს მიღმა დარჩნენ და მუდმივად აქ ცხოვრობენ, საქართველოში მათი ყოფნა საჭირო არ არის და უნდა დაბრუნდნენ".

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურს მოჰყავს კიდევ ერთი ახალგორელის სიტყვები, რომ პრობლემა ვერ მოგვარდება, სანამ რაიონის ყველა მცხოვრები საბოლოოდ არ გადაწყვეტს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხს და არ დასრულდება სიტუაცია, როცა ხალხი „ოსურ მიწაზე“ ცხოვრობს, პენსიას კი საქართველოში იღებს. ბიბილოვი ამას დაეთანხმა და თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთის პასპორტების“ გაცემა მიმდინარეობს და 2019 წელს „რესპუბლიკის მოქალაქეობა“ მიიღო ორასზე მეტმა ადამიანმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს დაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

დანარჩენ საქართველოსთან გზის დაკეტვის გამო, ახალგორის რაიონის მცხოვრებთ შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებასა და საქართველოს მოქალაქის პენსიაზე. ახალგორში დანარჩენი საქართველოდან ვეღარ შეაქვთ პროდუქტები. ოჯახების ნაწილი ორადაა გაყოფილი, რადგან გზის დაკეტვამდე ზოგიერთი ახალგორელი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ოჯახში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG