Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საზოგადოებას თავისუფლების სიგნალის აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების სიგნალის აქციაში, რომელიც 29 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართება.

„29 დეკემბერს, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, საღამოს 7 საათზე შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის, მამაჩემის პატიმრობა გაღელვებთ და ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ წელს და მომდევნო წლებში. მისია არის ძალიან მარტივი, დაასიგნალეთ ყველგან, სადაც იქნებით თქვენს ავტომობილებში“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა. მისი განმარტებით, მათ ვისაც მანქანები არ ჰყავთ, შეუძლიათ, პროტესტი საყვირებით გამოხატონ.

პრესკონფერენციაზე თათა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმის ოჯახის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციაა. ჯგუფის კოორდინატორია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. თათა გაფრინდაშვილის განმარტებით, ჯგუფის ორგანიზებით, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, დღეს, 27 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას მწერლები, რელიგიური გაერთიანებებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გამოუცხადებენ.

20 დეკემბერს, „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.

XS
SM
MD
LG