Accessibility links

logo-print logo-print

„კომიკური პროცესი იყო“ - ავთანდილ წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სხდომაზე


ავთანდილ წერეთელი

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმის არსებითი განხილვა 27 დეკემბერს კომიკურად წარიმართა. მისი თქმით, პროცესზე გამოკითხვაზე მყოფი ბრალდების მოწმე კითხვებს ძირითადად პროკურატურის ნებართვით პასუხობდა:

„კომიკური პროცესი იყო - კითხვას უსვამდნენ ჩვენი ადვოკატები მოწმეს, გაიხედავდა, პროკურორს ეკითხებოდა, ვუპასუხოო? ის ეტყოდა - უპასუხე, ან ეტყოდა - არა, არ პასუხობ! აი, ეს იყო მთელი პროცესი მოწმესთან დაკავშირებით. მოწმემ ბოლოს ვეღარ გაუძლო ამდენ კითხვებს და აღიარა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად იხილავდნენ ამ საკითხს, რა უნდა დაეწერათ აქტში.

აი, ბოლოს აღიარა. ეს იყო ჩვენთვის ყველაფერი, რაც იმან აღიარა. სიმართლეს ვერ იძახოდა, შეშინებული იყო, მაგრამ მაინც ჩაუშვა თავისი უფროსი“, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 დეკემბერს განახლდა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ე.წ. ფულის გათეთრების საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც ფულის გათეთრების ეპიზოდზე ბრალი წაყენებული აქვს ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი გელაზონია დაიკითხა.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო, 500 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული ავთანდილ წერეთელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG