Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია: „სასრიალო ბატუტის ვიზუალური მხარე“ მიუღებელია


რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, თუ ვინ არის პარლამენტის შენობის წინ განთავსებული საბავშვო მინიატრაქციონების მეპატრონე, თბილისის მერიამ კონკრეტული ინფორმაცია არ მოგვაწოდა. თუმცა, გვაცნობეს, რომ დედაქალაქში მსგავსი ატრაქციონების განთავსების სურვილი ბევრმა კერძო მეწარმემ გამოთქვა.

„სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიას თხოვნით მიმართა არაერთმა მცირე მეწარმემ, საშობაო სოფლებში მათ საკუთრებაში მქონე ატრაქციონების განთავსების შესახებ. მერიაში შემოსული განცხადებების ნაწილი დაკმაყოფილდა და მცირე მეწარმეებმა ორბელიანისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე დაამონტაჟეს ატრაქციონები. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ მიიღო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება, მცირე მეწარმეთა დარჩენილ ნაწილს მიეცა პარლამენტის წინ ატრაქციონების დადგმის უფლება“, - აცნობეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიიდან.

ერთადერთი, რაც მერიამ პარლამენტის წინ განთავსებულ ატრაქციონებს დაუწუნა, სასრიალო ბატუტის „ვიზუალური მხარე“ იყო.

„გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის“, - ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 31 დეკემბერს ღამით პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ 9 პირი დააკავა. სამინისტროს განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას. დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დღეებში პარლამენტის წინ საბავშვო გასართობი ადგილისა და მარკეტის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს მათ წინასწარ მიაწოდეს. როგორც ისინი აცხადებენ, კარვების აშლა წინააღმდეგობის გარეშე მოხდა და ინფრასტრუქტურა დასაწყობდება, ხოლო მიმართვის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა გადაიფიქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG