Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 იანვრამდე გადაიდო ლაშა ჩხარტიშვილის საქმის განხილვა


„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო. როგორც რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ია სირანაშვილმა უთხრა, მოსამართლემ ჩხარტიშვილი გაათავისუფლა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც ჩხარტიშვილის ადვოკატმა პროცესის გადადება და მტკიცებულებების სახით პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერის სახით წარდგენა მოითხოვა.

„რეალურად რატომ დააკავეს, უნდა გამოჩნდეს სამხრე კამერების ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, განზრახ არ წარმოადგინა შსს-მ დღევანდელ სხდომაზე, წარმოადგინა მხოლოდ სატელევიზიო მასალა, წინა პროცესზეც იგივე გააკეთეს. არაფერი ჩანს ამ ჩანაწერზე, არც შეურაცხყოფა, ჩანს უბრალოდ დაკავება. ასევე სატელევიზიო მასალაში მე ვნახე, სადაც ლაშას პირდაპირ სახეში ურტყამს პოლიციელი, რაც დაკავებას წინ უძღოდა. ეს არის ვინმე გოგა მემანიშვილის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ. ედავებიან, თითქოს, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“, - თქვა ადვოკატმა ია სირანაშვილმა.

ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესით მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

„დღეს სოლიდარობის აქციაზე დამაკავეს. ჩემთვის ერთ თვეში ეს მეორე დაკავება იყო. აშკარაა ჩემ მიმართ ორმაგი ინტერესი და პოლიტიკური დევნის გამოხატულება, ჯამში მე-13 პატიმრობა, მაგრამ მინდა ვუთხრა კალაძეს და ივანიშვილს, ხვალ მერიასთან აუცილებლად გაიმართება აქცია, რომელზეც მხარს დავუჭერთ გარემოვაჭრეებსაც და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც, ხაზს გავუსვამთ, რომ არც ერთ რეჟიმს არ უკადრებია ასეთი სამარცხვინო პრეცედენტი, როცა ადამიანებს აყენებენ არჩევანის წინაშე - ან საკუთარი შვილები აშიმშილონ, ან სხვისი შვილის მკვლელის დასჯის წინააღმდეგ აქციას შეუშალონ ხელი“, - თქვა ჩხარტიშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებმა 3 იანვარს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოძრაობა „შეცვალე“ და ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობას უცხადებდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და, ასევე, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG