Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ერაყს სანქციებით დაემუქრა


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ერაყს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს აშშ-ის მიმართ მტრული მოქმედებების შემთხვევაში.

5 იანვარს, ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნების დროს, პრეზიდენტის თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს ტრამპმა უთხრა, რომ ერაყს ირანზე გაცილებით უფრო სერიოზული სანქციები ემუქრება.

გასულ კვირაში ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ერაყში უკვე წლებია ებრძვის ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ამერიკელები ერაყს დატოვებენ, თუ ბაღდადი გადაიხდის მილიარდობით დოლარს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დახარჯა ერაყში სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, საავიაციო ბაზის მშენებლობისთვის. ამჟამად ერაყში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მათი უმრავლესობა ერაყის არმიის ინსტრუქტორი და მრჩეველია.

დონალდ ტრამპი სერიოზული საპასუხო ზომებით, მათ შორის, კულტურულ ძეგლებზე იერიშით კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანსაც, თუ ის შურისძიებას გადაწყვეტს გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო.

3 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი იმყოფებოდა. 62 წლის სოლეიმანი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. „ყუდსი“ უცხოეთის ქვეყნებში მოქმედებს.

საჰაერო ოპერაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

XS
SM
MD
LG