Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: საპატრიარქომ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ


„სამარცხვინოა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, სამარცხვინოა მთლიანად, რაც ხდება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესახებ.

უგულავას აზრით, დამაჯერებელი არ არის ეკლესიის მიმართვა გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ.

„პილატეს პოზიციაა საპატრიარქოს პოზიცია, იმიტომ რომ, როდესაც საპატრიარქოს რაღაც უნდა, ჩვენ გვინახავს მათი დაჟინებული თხოვნა. ის პოზიცია, რაც საპატრიარქომ დაიკავა, არის, რომ მან ხელები დაიბანა, როგორც პილატემ და ჩაუგდო [გიორგი მამალაძე] სამოქალაქო ხელისუფლებას და ჯალათებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა. ამით კიდევ ერთხელ გაფორმდა ის მეგატყუილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, რომ თითქოს ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. ის არის ივანიშვილის მარიონეტი და სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი“, - მიიჩნევს გიგი უგულავა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

XS
SM
MD
LG