Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ტელევიზიის ცნობით, უკრაინის ავიახაზების "ბოინგში" მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა


"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი
"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დაიღუპა ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავში 167-დან 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტის მახლობლად 8 იანვარს, დილით ჩამოვარდა და დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა. ირანული მედია კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს.

რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში.

ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ამ სამხედრო სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG