Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წყაროების თანახმად, ირანი შეეცადა, სარაკეტო იერიშის დროს მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო


ირანმა სპეციალურად მოაწყო ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში ისე, რომ დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო. ამან თეირანს საშუალება მისცა, „სახე შეენარჩუნებინა“, კონფლიქტის მხარეებს კი თავიდან აეცილებინათ ომის პირამდე მისვლა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს აშშ-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების თანახმად, თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე იცოდა, რომ ირანი იერიშს აპირებდა იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. მონაცემები ერაყის დაზვერვიდან იქნა მიღებული. ამასთან, უცნობი რჩებოდა, ზუსტად სად განხორციელდებოდა დარტყმა. საბოლოოდ ვაშინგტონმა თავის სამხედროებს უბრძანა, თავი შეეფარებინათ ბუნკერებისთვის, სადაც ისინი თავდასხმის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათს იმყოფებოდნენ. „სამხედრო მეთაურებმა ადგილებზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს და კარგ შედეგს მიაღწიეს“, განუცხადა The Washington Post-ს მაღალი რანგის სამხედრომ.

ირანის მიერ სპეციალურად ფრთხილად განხორციელებული დარტყმის შესახებ ადრე CNN-იც იტყობინებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თეირანს შეეძლო რაკეტები მიემართა ბაზებისკენ, სადაც მეტი ამერიკელი იმყოფებოდა და სადაც ისინი ნაკლებად იყვნენ დაცული, მაგრამ არ გააკეთა ეს.

ირანმა 8 იანვარს განახორციელა იერიში სამხედრო ბაზებზე ერაყში, სადაც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. თეირანის ეს ოპერაცია პასუხი იყო გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის სანქციით განხორციელდა. ვაშინგტონის თანახმად, ირანის სარაკეტო იერიშის დროს არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა, თუმცა ირანის ხელისუფლება ათობით მოკლულზე იტყობინებოდა.

XS
SM
MD
LG