Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯემალ გამახარია: რაულ ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ამბობს, რომ სოხუმში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას თანამდებობის დატოვება მოუწევს:

„მოვლენების განვითარება ამას გვიჩვენებს. და მოვლენების განვითარება არა გუშინ და დღეს მხოლოდ, არამედ დაწყებული აგვისტოდან და სექტემბრიდან მოყოლებული.

მთელი განვითარება მოვლენებისა გვიჩვენებს იმას, რომ ხაჯიმბა არის განწირული.

ასლან ბჟანიას ამ პროცესების ლიდერად წარმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთიც მაინც და მაინც თავს არ მოიკლავს ხაჯიმბაზე და რუსეთის გარეშე იქ ვერავინ დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. მისი შეფასებით, მართალია რაულ ხაჯიმბას „გაპრეზიდენტებას“ რუსეთმა შეუწყო ხელი, მაგრამ თუ ის ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებს, მაშინ რუსეთს არაფრად უღირს. „რუსეთს აფხაზეთი სჭირდება და არა ხაჯიმბა“, - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე. იგი სოხუმში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 9 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ხელმძღვანელობდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ კრიმინალები:

„ყველა აკეთებს აქცენტს არჩევნების გაყალბებაზე, რამაც გამოიწვია გუშინდელი მოვლენები. ეს რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელები იყვნენ არა პოლიტიკური პარტიები და იგივე კვიცინია, რომელმაც წააგო არჩევნები ხაჯიმბასთან გაყალბების შედეგად, არამედ ერთი თვის წინ მოკლული კრიმინალების ნათესავები, ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით.

იგი სოჭში ცხოვრობს, დონეცკში იბრძვის რუსების მხარეს და იქ რაღაცა ჯილდოებიც კი აქვს მიღებული. დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი აღიარებული წარმომადგენელია, ის კარგა ხანია აკეთებდა განცხადებებს ხაჯიმბას მიმართ. გუშინ მოხდა ამ კრიმინალებისა და პოლიტიკური ძალების ერთობლივი იერიშის მიტანა დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ამას ხელმძღვანელობდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ პირადად ახრა ავიძბა“, - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. იგი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ალხას ავიძბას ბიძაშვილია. ალხას ავიძბასთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა მოკლეს.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ კანდიდატს, ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.

XS
SM
MD
LG