Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი განმეორებით "საპრეზიდენტო არჩევნებს" მოითხოვს


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა, სოხუმის ცენტრში, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ და „პარლამენტის“ შენობებთან შეიკრიბონ, რადგან იქ მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ბჟანიამ მიმართვა ფეისბუკით გაავრცელა. ოპოზიციის ლიდერმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც მიმართა: „დღეს წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი. გთხოვთ გამოიჩინოთ პატივისცემა ჩვენი მოქალაქეებისადმი და პოლიტიკური კულტურა, არანაირი შეტაკება არ უნდა მოხდეს.“

ასლან ბჟანია მოსკოვიდან სოხუმში 9 იანვარს დაბრუნდა. დღეს, 10 იანვარს, მან სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკება გამართოს რაულ ხაჯიმბასთან. „სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს. სამართლებრივ ჩარჩოში უნდა გადავიდეს. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. ერთადერთი გამოსავალი ახალი, განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებია“, - განაცხადა ბჟანიამ. მისი შეფასებით, 2019 წელს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ასლან ბჟანია აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა, 2019 წლის გაზაფხულზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „არჩევნებში“ მონაწილეობა ვეღარ მიიღო.

რაულ ხაჯიმბას ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდა.

ასლან ბჟანიას ნაცვლად ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ალხას კვიცინია დაასახელა. 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38% მიიღო, ხოლო ალხას კვიცინიამ - 46.19%. მეორე დღესვე კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, როცა ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ, სოხუმში დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. იგი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილია. ალხას ავიძბასთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა მოკლეს.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG