საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ ირანმა ერთ ან ორ წელიწადში ბირთვული იარაღი შეიძლება იქონიოს, თუ გააგრძელა ბირთვული ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება გაკეთდა 10 იანვარს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეკრების წინ, რომელიც მოჰყვა აშშ-ის საჰაერო თავდასხმას ერაყში, ბაღდადის აეროპორტში, რომლის დროსაც მოკლეს ირანის მაღალი რანგის გენერალი, ყასემ სოლეიმანი.
2015 წელს, ვენაში, ერთი მხრივ, ირანს და, მეორე მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, აშშ-ს, ბრიტანეთს, რუსეთს, ჩინეთსა და საფრანგეთს, ასევე გერმანიასა და ევროკავშირს შორის დაიდო ბირთვული შეთანხმება, ე.წ. ერთობლივი მრავალმხრივი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, თეირანს უნდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა, ხოლო სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაეუქმებინათ.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა 2018 ცალმხრივად დატოვა შეთანხმება და ირანს სანქციები კვლავ დაუწესა, ირანმა გამოაცხადა, რომ შეთანხმების დატოვებას არ გამორიცხავს.
დღეს მათ არ ძალუძთ, ჰქონდეთ იარაღი, მაგრამ თუ ვენის შეთანხმების დარღვევას გააგრძელებენ, მართლა მოკლე დროში, ერთიდან ორ წლამდე პერიოდში, შეძლებენ ბირთვულ იარაღზე წვდომას, რაც არ უნდა დავუშვათ, უთხრა ლე დრიანმა გერმანიის რადიოსადგურ „ერ-ტე-ელს“.
ირანი აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ემსახურება და ვენის შეთანხმება მას საშუალებას აძლევს, რეაქტორები ენერგიის მისაღებად ამუშაოს.