Accessibility links

პირს, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიმართ აგრესია გამოიჩინა, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა


ანრი ოხანაშვილი

დაბა ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მედიასთან კომენტარში ვახტანგ რობაქიძემ განაცხადა, რომ ის ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია.

„ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით თავისუფლების აღკვეთა... არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი, ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია, ის ვუთხარი“, - უთხრა პროცესის დასრულების შემდეგ ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს.

ინციდენტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრს, ვახტანგ რობაქიძეს შორის 14 იანვარს, დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე პოლიციამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. კაფეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც ეხება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG