Accessibility links

logo-print logo-print

პროკურორი: ქმედებისთვის ფულის გათეთრების კვალიფიკაციის მიცემა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია


პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ თანხა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, რეალურად საბანკო სესხი არ ყოფილა და ამას მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობა ადასტურებს.

„ეს იყო კომპლექსური ქმედებები, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდა 2012 წელს, როდესაც გამოჩნდა ოფშორული კომპანია, რომელსაც არანაირი აქტივი არ გააჩნდა და ბანკი დარჩა მოთხოვნის გარეშე, ანუ ბანკს აღარ დაუბრუნდა ამ ქმედებებიდან სესხი“, - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

„რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ მოწმეები არ ამბობენ, რომ სადმე ფულის გათეთრება იყო - ფულის გათეთრება არის სამართლებრივი კვალიფიკაცია. ერთადერთი ექსკლუზიური უფლება, რომ ასეთი კვალიფიკაცია საბოლოო მისცეს ამ ქმედებებს, არის სასამართლო“, - განაცხადა პროკურორმა.

დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაც“, რომლის თანახმად, საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ფულის გათეთრების დანაშაულად ჩაითვალოს.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2019 წელს აღძრულ საქმეს.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათთვის დახმარების გაწევაში ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც საქმეს, ასევე, აბსურდულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG