Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე: რუსეთს ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა


“არც ამერიკა, არც ნატო და არც რომელიმე დასავლელი პარტნიორი არ აქეზებს არც ერთ ქვეყანას რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.

„სამწუხაროდ, რუსეთში და კონკრეტულად, კრემლში არსებობს ასეთი იდეოლოგიური ხაზი ბოლო 30 წელია, რომ ნებისმიერი მათი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ღიად სუვერენიტეტის დათმობას და რუსეთისთვის ჩაბარებას არ არჩევს და დასავლურ სტრუქტურებში ინტრეგრაციას არჩევს, მათ მიერ აღქიმება მტრად და აღიქმება სახელმწიფოდ, რომელსაც უნდა ებრძოლო და მოუწყო პროვოკაციები“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ამ რიტორიკის გაგრძელებად მიიჩნევს სერგი კაპანაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ფრენების აკრძალის გამო თბილისისთვის ჭკუის სწავლებაზე.

„რუსეთს რომელმაც ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმზიდველი მოდელის შექმნა მის გარშემო მყოფი ქვეყნებისთვის, ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, მიუხედავად რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი საქართველოს ხელისუფლებისა, ქვეყანაში მაინც რჩება ძლიარად პროდასავლური განწყობების მქონე საზოგადოება, რომელსაც „არ უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობები“.

„რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფრენების აკძალვაზე უფრო მტკივნეული ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მზაობა და პასუხი უნდა იყოს იმგვარი, რომ ეს საზოგადოებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი იყოს“,- მიაჩნია სერგი კაპანაძეს.

ის ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ირიბად ხელისუფლების მხარდამჭერია ხოლმე, „ვინაიდან ნათელია რომელი პოლიტიკური ძალაა მისთვის მისაღები და რომელი არა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

უწყების თანახმად, რუსეთი „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“. თუმცა ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. „მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

XS
SM
MD
LG