Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის მხრიდან რაიმე სანქციებს არ ელოდება, რადგან დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს კონსტიტუციაში ასახულ საგარეო პრიორიტეტებს და დემოკრატიულ რეფორმებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

სანქციების საფრთხის შესახებ ჟურნალისტებმა მინისტრს დღეს, 22 იანვარს ჰკითხეს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე. შეკითხვის საფუძველი იყო 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკა საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის და პოლიტიკურ ოპონენტებზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გამო.

დავით ზალკალიანის თქმით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დებატების ძირითადი მიზანი იყო ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა და მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია: „ბუნებრივია, იყო იქ რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა. მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპარლამენტარების სრულყოფილად ინფორმირებისთვის საჭიროა მუდმივი საუბარი და დიალოგი, რისი შესაძლებლობაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ ექნებათ.

დავით ზალკალიანმა დაახლოებით ასეთივე შინაარსის კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ კრიტიკულ წერილზეც: „მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომელიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირებისა ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი გამოხმაურება და მათ რეკომენდაციებს დიდი ყურადღებით ეკიდება.

21 იანვარს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზიგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ მან, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG