Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ვიცე-მერი: პარლამენტთან ტერიტორიის რეაბილიტაცია საპროტესტო ზონას არ უკავშირდება


თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იმის გამო არ დაწყებულა, რომ იქ საპროტესტო ზონაა. მისი თქმით, ესაა ქალაქის ცენტრალური ადგილი და მისი რეაბილიტაცია მომართვების საფუძველზე დაიგეგმა. ირაკლი ბენდელიანის თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია მერიამ გასულ წელს შეიძინა:

ეს არანაირად კავშირში არ არის არანაირ საპროტესტო ზონასთან და არეალთან, არის ჩვეულებრივი, ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი. არის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა, ისტორიული მნიშვნელობის შენობა და აუცილებელი არის მიმდებარე ტერიტორია იყოს მოწესრიგებული. რა შადრევნებიც არსებობს, ამისი სატუმბი სადგურია ქვევით მოწყობილი, როდესაც პერიოდული ინსპექტირება ხორციელდებოდა იყო შემთხვევები, როდესაც უკვე წვიმის დროს წყალი ჩადიოდა და საფრთხეს უქმნიდა ხოლმე ამ შადრევნების სატუმბ სადგურს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე -მერმა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, პარლამენტის წინა ტერიტორიის რეაბილიტაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დასჭირდება. თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო სამუშაოებს „გრინ სერვისი“ განახორციელებს.

"გრინსერვისში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, ხელშეკრულებით, შესრულებული სამუშაო თბილისის მერიას ორი თვის ვადაში უნდა ჩააბარონ. კომპანიის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე განმარტავს, რომ დამტვრეული ფილები ტრავერტინის ფილებით უნდა ჩანაცვლდეს.

“ჯერჯერობით, აყრა მიმდინარეობს. ჰიდროიზოლაციის მოწყობა, ფილები აღდგენა და მოპირკეთება. ფანტანებს გააკეთებს თბილსერვის ჯგუფი, ალბათ”, - ამბობს ფურცხვანიძე.

თბილისის მერიამ 2020 წლის პირველ იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. წინადადებების მიღება 6 იანვარს დასრულდა, გამარჯვებული ერთადერთი პრეტენდენტი, "გრინსერვის" გახდა.

პარლამენტის წინა ტერიტორიაზე, საახალწლოდ საპროტესტო კარვების ადგილას გაშლილი საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები, 22 იანვარს ღამით დაშალეს. 22 იანვრის დილიდან ტერიტორია შემოღობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"ეზოში ავი ქოცია", "ბიძინას ბოსტანი" - ეს და საპროტესტო ხასიათის სხვა წარწერები გააკეთეს სამოქალაქო აქტივისტებმა ღობეზე. ისინი აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მათ პროტესტის გამოხატვაში ხელს ვერ შეუშლით.

XS
SM
MD
LG