Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემა


საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა.

მიღებული გადაწყვეტილებით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერში („ლაივ სტრიმით“) გადაიცემა.

საპროკურორო საბჭოს ცნობით, „გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში ყველა მონაწილეს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს“.

საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კანდიდატებად წარმოდგენილი პირების მონაცემების შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს (გელა ჩივაძეს, ალექსანდრე კობაიძეს) დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო გრიგოლ გაგნიძემ ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG