Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულობით ქვეყნის ლიდერები იერუსალიმში შეიკრიბნენ აუშვიცის (ოსვენციმის) ბანაკის განთავისუფლების წლისთავის აღსანიშნავად


ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეტანიაჰუ მეუღლე სარასთან ერთად თავის რეზიდენციაში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს. 2020 წლის 23 იანვარი
ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეტანიაჰუ მეუღლე სარასთან ერთად თავის რეზიდენციაში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს. 2020 წლის 23 იანვარი

მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფოს ლიდერები ჩავიდნენ იერუსალიმში, სადაც 23 იანვარს აღინიშნება აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 75-ე წლისთავი. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის „იად ვაშემის“ მემორიალთან გამართული შეხვედრების ფონია ანტი-ებრაული ძალადობის ზრდა მსოფლიოში.

„ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე“ ჩასულ, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა მაკრონი, ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი და გერმანიის, იტალიის და ავსტრიის პრეზიდენტები. მათი მიზანია ჰოლოკოსტის წლისთავის აღნიშვნა და თანამედროვე ანტისემიტიზმთან ბრძოლა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ონჯეი დუდამ არ ისურვა იერუსალიმში ჩასულიყო, რადგან მას უარი უთხრეს, სიტყვით გამოსულიყო შეხვედრაზე, რომელზეც შეკრებილებს მიმართავენ რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, აშშ-ის და გერმანიის წარმომადგენლები. შეხვედრის ისრაელმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებს და გერმანიას მიეცემათ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

პოლონეთი, რომელიც განაწყენებულია პუტინის განცხადებით, რომ პოლონეთმა უნდა გაიზიაროს ომის პასუხისმგებლობა, საბჭოთა ჯარის მიერ აუშვიცის ბანაკის განთავისუფლების წლისთავისადმი შეხვედრებს თვითონაც გამართავს 27 იანვარს, პოლონეთში, უშუალოდ ოსვენციმში, მემორიალურ მუზეუმში, სადაც საკონცენტრაციო ბანაკი, აუშვიც-ბირკენაუ მდებარეობდა ნაცისტური ოკუპაციის დროს.

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული, უმეტესად ებრაელები. სულ ჰოლოკოსტს ექვს მილიონამდე ებრაელი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG