Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაკულია: აშშ-ის პოზიცია ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში უნდა ვეძებოთ


რომან კაკულია
რომან კაკულია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ „ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას.“

რომან კაკულიას კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ალბათ ყველაზე მეტი ლეგიტიმურობით არჩეული პოლიტიკური ძალა, 2012 წელს არჩეული იყო ყოველგვარი „ჩრდილოვანი“ საგარეო მხარდაჭერის გარეშე და ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო.

„ქართული საზოგადოება მანამდე დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, სანამდე ამავე პრინციპებით ჩამოყალიბებული ძალა არ გამოჩნდება“, - აცხადებს რომან კაკულია. იგი ამბობს, რომ კონგრესმენების წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამერიკის ოფიციალური პოზიცია პირველ რიგში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში უნდა ვეძებოთ. მან, რომან კაკულიას თანახმად,„ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზე ჩვენი ურთიერთობების“...

„ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნავს რომან კაკულია. მისი თქმით, არჩევანს ქართული საზოგადოება გააკეთებს, თუმცა არც ერთი პოლიტიკოსის განცხადება არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ:

რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, თუ ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს.

მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ რომ ეს ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე იქნას გაქარწყლებული და ობიექტური რეალობის დანახვისათვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.იგი გამოეხმაურა ასევე "კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ" პოლიტიკოსებსაც და განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს იმ ძალას დაარქმევს, „ რომლის პოლიტიკის შედეგადაც, გააქტიურდება ან ღმერთმა ნუ ქნას, შედგება რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში. ეს ახსოვდეს კარგად ყველა პოლიტიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია რა შედეგი დადგება ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად“, - აღნიშნავს რომან კაკულია კომენტარში.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ელიოტ ენგელიმ და იმავე კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა მაიკლ მაკკოლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისწერეს წერილი, რომელშიც გამოხატეს შეშფოთება პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის, ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო.

XS
SM
MD
LG