Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ბრექსიტის შეთანხმებას


ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 24 იანვარს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე.

ბრექსიტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მედია არ ესწრებოდა.

„აუცილებლად იქნება ცვლილებები, მაგრამ ჩვენი მეგობრობა უცვლელი დარჩება. ჩვენ ახალ თავს ვიწყებთ როგორც პარტნიორები და მოკავშირეები,“ დაწერა მიშელმა ტვიტერში და გამოაქვეყნა ფოტო შეხვედრისა, რომელსაც ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიეც ესწრებოდა. „მოუთმენლად ველი ამ ახალი გვერდის ერთად დაწერას“, დასძინა მან.


ევროკომისიამაც და ევროკავშირის საბჭომაც არაერთხელ უკუაგდეს მედიის მოთხოვნა ხელმოწერის ცერემონიაზე დასწრების თაობაზე.

„შარლ მიშელმა და მე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე, რაც გზას უხსნის მის რატიფიკაციას ევროპის პარლამენტის მიერ,“ დაწერა ტვიტერში ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ვარაუდობენ, ევროპარლამენტი ბრექსიტის თაობაზე შეთანხმების რატიფიკაციას 29 იანვარს გააკეთებს და ამით უკანასკნელი ბარიერი მოიხსნება კავშირიდან ბრიტანეთის გასვლისთვის. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს 31 იანვარს. სამნახევარი წლის წინ, 2016 წლის ივნისში, დიდი ბრიტანეთის ამომრჩევლებმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას.

31 იანვრის შემდეგ იქნება გარდამავალი პერიოდი, რომელიც, სულ მცირე, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და ორ მხარეს საშუალებას მისცემს, მოილაპარაკოს მომავალი ურთიერთობების შესახებ.

ბრექსიტის თაობაზე შეთანხმების იურიდიული ტექსტი, რომელშიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის დეტალებია აღწერილი, 500-ზე მეტ გვერდს მოიცავს.

XS
SM
MD
LG