Accessibility links

logo-print logo-print

ნინო ლომჯარია: დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ომბუდსმენზე ზემოქმედებისთვის


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პატიმრისა და სახალხო დამცველის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლი, რაც სახალხო დამცველზე ზემოქმედებას გულისხმობს. ომბუდსმენი მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის 352-ე მუხლით და პასუხისგებაში მიეცეს ნებისმიერი პირი, თანამდებობის მიუხედავად.

ნინო ლომჯარიას ეს მოთხოვნა დაკავშებულია პენიტენციური სამსახურის მიერ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებასთან. პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, რომლის თანახმად სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა გაასაჯაროვა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიდეოჩანაწერიც, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრაა ასახული.

ომბუდსმენის განცხადებით, თუ პენიტენციური დაწესებულების ქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინფორმირებული არ იყო, მან ბოდიში უნდა მოუხადოს. ის იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები.

„მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე. იფიქროს პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იფიქროს, რა შედეგი მოჰყვება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში. რა შედეგი ექნება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ის მოუწოდებს მთავრობას, მისცენ ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებს საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, რათა მომავალში უკანონო ქმედებებს და რაიმე ტიპის პროვოკაციებს არ მოელოდნენ.

„მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან, აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა“.

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა პატიმრებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შორის ნდობას მიაყენოს ზიანი.

„თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსტიტუტის მიმართ ჩვენი ურთიერთობის კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის და ხელშეშლის ფაქტს და გაზრდის არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებდარღვევის ფაქტებს სისტემაში“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ის მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG