Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი“ 19 კგ-მდე კანაფის კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს


პარტია „გირჩის“ წევრებმა ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს.

როგორც რადიო თავისუფლებას „გირჩის“ წევრმა, იურისტმა ლევან ჯგერენაიამ განუმარტა, სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) მესამე ნაწილს ეხება. მართალია, ამ ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა უკვე არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, ის ვრცელდება მხოლოდ 266 გრამამდე ოდენობაზე; ახალი სარჩელის თანახმად, 19 000 გრ-მდე (19კგ) კანაფის კულტივირებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა აღარ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ის სისხლის სამართლის პაასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს შესაძლოა, დაეკისროს არასაპატიმრო სანქცია და დარჩეს ნასამართლევის სტატუსი, თუმცა ის ციხეში არ წავა.

ლევან ჯგერენაია მიიჩნევს, რომ მოქმედი ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომლის თანახმად, დაუშვებელია არადამიანური მოპყრობა.

„დასაბუთება არის შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად ცნო მარიხუანას მოხმარება [საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ ისჯება თუკი აღმოაჩენენ, რომ პირს მარიხუანა აქვს მოხმარებული], სისტემა ამას მაინც არ ცნობს და უკვე ლეგალურად აღიარებული მცენარის გამო ადამიანებს სახლში უვარდება და არ აძლევს თავისუფლად ცხოვრების საშუალებას, უდანაშაულო ადამიანებს უყურებს, როგორც დამნაშავეს. უპატივცემლოდ და არაადამიანურად ექცევიან სრულიად უდანაშაულო ხალხს. არცერთი ლეგალური გზა არ არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშუალი არ ჩაიდინოს. ამას ემატება ის, რომ ლეგალური მცენარის მოხმარებისთვის ადამიანს უწევს დანაშაულის ჩადენა, ციხეში წასვლა, ეს არის, ჩვენი აზრით, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა. ადამიანს საკუთარი უფლების რეალიზებისთვის არათუ ციხეში წასვლა, არამედ დანაშაულის ჩადენაც არ უნდა უწევდეს“, - განმარტავს ლევან ჯგერენაია.

მოსარჩელის, ავთანდილ მეტრეველის სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს. როგორც იურისტი ამბობს, მას კანაფის კულტივირების ბრალდებით სასჯელი ემუქრება. მეტრეველის პროცესზე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას 30 იანვარს მოისმენენ.

XS
SM
MD
LG