Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები კვლავ კრიტიკით მიმართავენ საქართველოს პრემიერს


ბრაიან ბაბინის  ტვიტერით გაავრცელებული წერილი
ბრაიან ბაბინის  ტვიტერით გაავრცელებული წერილი

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის კიდევ ორი წევრი უერთდება კონგრესმენების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს მთავრობის მისამართით. რესპუბლიკელი კონგრესმენები ბრაიან ბაბინი და პიტ ოლსონი ამის შესახებ განცხადებას ტვიტერის მეშვეობით აკეთებენ.

ბრაიან ბაბინმა ტვიტერით გაავრცელა წერილი, რომელიც მან 23 იანვარს გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.


კონგრესმენი ბაბინი აღნიშნავს, რომ "როგორც მეცნიერების, კოსმოსის და ტექნოლოგიის კომიტეტის წევრმა, ეს წერილი" მისწერა საქართველოს პრემიერს "საქართველოში გადავადებული რეფორმებისა და ამერიკული ინვესტიციების მიმართ გაუარესებული კლიმატის გამო, განსაკუთრებით აშშ-ის ენერგოკომპანიების მიმართ".

" ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უდრის თავისუფლებას!"- წერს ბაბინი.

კონგრესმენი წერილში აცხადებს, რომ თავის ხმას უერთებს საქართველოს გამო მზარდ შეშფოთებას, რომლის მიზეზი დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაა. ბაბინი უერთდება კოლეგების, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეების აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის და დემოკრატი კონგრესმენის ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილში ხაზგასმულ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, არ განხორციელდეს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ასევე ცნობებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. კონგრესმენი ბაბინი, მისივე თქმით, ასევე უერთდება 13 იანვრის წერილს, რომელიც მისმა კოლეგამ, კონგრესმენმა, მარკუინ მალინმა მისწერა გახარიას.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ის უერთდება მარკუინ მალინის მიერ 2019 წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში წარდგენილ "საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტსაც" .

„საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ-ისგან ძლიერ მხარდაჭერას იღებდა წლების განმავლობაში", წერს ბაბინი. „შარშან, წარმომადგენლთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მთავარი პრინციპი, რომელიც გამოყოფილია ამ აქტში, შემდეგია: „...აშშ-ის პოლიტიკა არის საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების განვითარების გაგრძელება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა“. ეს არის სულისკვეთება, განაგრძობს თავის წერილს ბაბინი, და ამას გწერთ იმიტომ, რომ შეინიშნება უარყოფითი ტენდენცია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც გახდა ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთების მიზეზი.

წერილის ბოლოს კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს „მთავრობა შეძლებს შეაკავოს აგრესიული ქმედება აშშ-ის კომპანიების წინააღმდეგ და იმუშავებს იმისთვის, რომ შეაჩეროს მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფლებას, ბუნებრივ, ღვთის მიერ ბოძებულ უფლებას მთელი ქართველი ხალხისთვის"- ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილს კონგრესმენი ბრაიან ბაბინი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეთანხმება კოლეგას, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს, რომ "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, სისასტიკე გამოიჩინა სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ და ანტაგონისტურია აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რაც ორივე ქვეყანას წაადგებოდა". „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“, - წერს ოლსონი, რომელიც ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილს აზიარებს.

XS
SM
MD
LG