Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო მგზავრებს ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებშიც ამოწმებენ


ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი

სიცოცხლისთვის საშიში ახალი კორონავირუსის გამო მგზავრების შემოწმება დაიწყეს ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც.

მედიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს უზომავენ სპეციალური დისტანციური თერმომეტრით და აწვდიან ინფორმაციას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. 25 იანვრიდან მგზავრებს ამოწმებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია: რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სტანდარტული რეკომენდაციებია:

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;

• ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;

• ფერმებთან და გარეულ ცხოველებთან დაუცველი კონტაქტისთვის თავის არიდება;

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანების მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა;

• სამედიცინო დაწესებულებებში სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 იანვრის დილის მონაცემებით, ჩინეთში გარდაცვლილია 80 ადამიანი და ინფიცირებულია 2794.

ახალი ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია ტაივანზე, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

XS
SM
MD
LG