Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა გაბელია: პროკურატურის მენეჯერულ პოსტებზე ქალები კაცებს არ უნდა სჭარბობდნენ


საპროკურორო საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი რიგით მეორე კანდიდატის, პაატა გაბელიას განცხადებით, წლების განმავლობაში პროკურატურის სისტემაში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილება და რამდენიმე რეფორმის პროცესში მონაწილეობა მას უბიძგებს, რომ გახდეს გენერალური პროკურორი.

პაატა გაბელიას აზრით, პროკურატურის სისტემაში თავად პროკურორების დამოუკიდებლობის ხარისხია გასაუმჯობესებელი.

„მოხარული ვარ, რომ მთავარი პროკურატურა გენერალური პროკურატურა გახდა და ყველა ინსტიტუციისგან დამოუკიდებელია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ცალკეული პროკურორები მეტად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. ჩემი აზრით, დღეს პროკურორები ჯგუფურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობიან. მე კი მათ მივცემდი მეტ თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობს“.

პაატა გაბელიას ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს მენეჯერულ პოზიციებზე პროკურატურის სისტემაში ქალების დასაქმების თაობაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ მართალია, ქალები „მეტად გამჭრიახები და შეუვალები“ არიან, მისი აზრით, სჯობს, მენეჯერულ თანამდებობაზე ქალები არ სჭარბობდნენ კაცებს.

„თუ სქესთა ბალანსზე მეკითხებით, ასე ვფიქრობ, თუმცა, ცხადია, ყველაფერი პიროვნების კვალიფიკაციიდან გამომდინარეობს“.

- თანაბარ სასტარტო პირობებში რომელ სქესს მისცემდით უპირატესობას? მაგალითად, საოლქო პროკურორის არჩევის დროს?

- თუ თანაბარი მონაცემების კანდიდატები იქნებოდნენ, ქალს ავირჩევდი.

პაატა გაბელია არის იურიდიული კომპანია „სამართლის სახლის“ ადვოკატი. განათლებისთ იურისტი - დამთავრებული აქვს თსუ-ის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. აქვს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

მისი კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

საპროკურორო საბჭოში დილიდან უსმენენ გენერალური პროკურორობის კანდიდატებს.

გასაუბრებას არ ესწრება საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე, რომლის განცხადებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში. თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება არ ეხება ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ აუცილებლად დაუსვამს შეკითხვებს ირაკლი შოთაძეს, რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას“.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

XS
SM
MD
LG