Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი PACE-ს დატოვებით იმუქრება


თუ რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უფლებამოსილებას შეუზღუდავენ, ასამბლეას დავტოვებთ - ამის შესახებ სტრასბურგში, ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო ასამბლეის „საღად მოაზროვნე უმრავლესობა“ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატების უმრავლესობას რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერა სურს. სლუცკის შეფასებით, სირთულეების მიუხედავად, ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მუშაობა სულ უფრო ეფექტური ხდება.

27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ავტომატურად არ დადასტურდა, მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის დელეგაციებმა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ მიიჩნიეს.

სხდომაზე გამოსვლისას ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა საფუძვლად დაასახელა ის ფაქტი, რომ სულ ახლახან, რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გადაწყვიტა ბალანსის დარღვევა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში აღარ იმოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, რუსეთს არ შეუსრულებია ასამბლეის რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს და უკრაინის მიმართ.

ლატვიელმა დეპუტატმა მარია გოლუბევამ კი რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ აქცია იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ამ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ანექსირებული ყირიმიდან უკანონოდ არჩეული დეპუტატები.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა.

სანამ კომიტეტები დასკვნებს მოამზადებენ, რუსეთის დელეგაციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სხდომებში და კენჭისყრებში, გარდა მისი უფლებამოსილების საკითხის კენჭისყრისა.

PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველი სესიის დაწყების წინ, ეროვნულმა დელეგაციებმა უნდა წარადგინონ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის განაცხადი. უფლებამოსილება ავტომატურად მტკიცდება, თუ რომელიმე ქვეყნის დელეგაცია ამას სადავოდ არ გახდის.

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG