Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დღეს უნდა გადაწყდეს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების საკითხი. დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ სტრასბურგში მყოფ რუს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით, დელეგაციის უფლებამოსილება უნდა დამტკიცდეს.

27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ავტომატურად არ დადასტურდა, მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის დელეგაციებმა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ მიიჩნიეს.

სხდომაზე გამოსვლისას ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა საფუძვლად დაასახელა ის ფაქტი, რომ სულ ახლახან, რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გადაწყვიტა ბალანსის დარღვევა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში აღარ იმოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, რუსეთს არ შეუსრულებია ასამბლეის რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს და უკრაინის მიმართ.

ლატვიელმა დეპუტატმა მარია გოლუბევამ კი რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ აქცია იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ამ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ანექსირებული ყირიმიდან უკანონოდ არჩეული დეპუტატები.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა. იმავე დღეს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტოლსტოიმ განაცხადა, რომ თუ უფლებამოსილებას შეუზღუდავენ, დელეგაცია ასამბლეას დატოვებს.

PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველი სესიის დაწყების წინ, ეროვნულმა დელეგაციებმა უნდა წარადგინონ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის განაცხადი. უფლებამოსილება ავტომატურად მტკიცდება, თუ რომელიმე ქვეყნის დელეგაცია ამას სადავოდ არ გახდის.

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG