Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვი: საქართველო მზადაა, "გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე" რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად


სერგეი გავრილოვი
სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველო მზადაა, აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად.

ასეთი კომენტარი მან "პარლამენტსკაია გაზეტასთან" საუბარში გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველო მზადაა მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ხაზით, მისი ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულების მიუხედავად.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

გავრილოვის სიტყვებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება „უსერიოზულესი სიგნალია“. მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიულ პრინციპებს მისდევს და ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე არ იქნება.

„როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების სრული მოცულობით გასაუმჯობესებლად, მათ შორის დიპლომატური ურთიერთობებისა და ელჩების გაცვლის დონეზე. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით [მეორე მსოფლიო ომში] გამარჯვების იუბილეს წინ. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ყველა დაღუპულს. საქართველო მრავალეროვანი იყო - [აქ ცხოვრობდნენ] რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები. იმედი გვაქვს, რომ საქართველო კვლავაც გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“, განაცხადა გავრილოვმა.

14-15 მაისს თბილისში ჩატარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა. ასეთ შეხვედრებზე რუსეთს ტრადიციულად წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

უკანასკნელ ხანებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 20 ივნისს თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის პერიოდში ასამბლეის თავმჯდომარე, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდა, რამაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და დასაბამი მისცა მრავალკვირიან ანტისაოკუპაციო აქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG