Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო - ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი


ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში არსებული „საგანგაშო სიტუაციიდან“ ერთ-ერთი გამოსავალი საეკლესიო სასამართლოს ამოქმედებაა. „დავიწყოთ ჩემგან“, - განაცხადა მან მედიასთან გამართულ ბრიფინგზე.

„ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც აქვს მითვისებული წმინდა სინოდს.

მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ არასდროს, მე რაც წმინდა სინოდის წევრი ვარ 2002 წლიდან, საეკლესიო სამართლის ფორმატით არც ერთი საკითხი არ განხილულა და დღემდე ფაქტიურად კანონსმაღლა ხელმწიფების დამოკიდებულებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა პეტრე ცაავამ. მისი თქმით, ეკლესიაში სახეზეა შერჩევითი სამართალი, რაც კიდევ უფრო დამღუპველია საეკლესიო ხელისუფლებისთვის, ვიდრე საეროსთვის:

„ჩვენ როცა გვინდა პროცესების გაჯანსაღება სახელმწიფოებრივად, უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი შემაფერხებელი ამ პროცესებისა ბოლო ათწლეულების მანძილზე არის უწესრიგობა, უკანონობა და შერჩევითი სამართალი ეკლესიაში და ის, რომ ეკლესია ასევე არ არის განთავისუფლებული საბჭოთა მემკვიდრეობისაგან“, - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა. იგი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია საეკლესიო სასამართლოს ან დიდი საერთო კრების მოწვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები, ისე „ერის ადამიანები“.

ბრიფინგზე ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ისაუბრა საპატრიარქოს მიერ მამა ანდრია სარიას სამღვდელო ხარისხის შეჩერების საკითხზე და განაცხადა, რომ ეკლესიას ეშინია იმ ადამიანების, რომლებმაც „ხმა აღიმაღლეს უკანონობისა და უზნეობის“ წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG