Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში რუსეთის ავიაციის იერიშს, სულ მცირე, ათი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ათი სამოქალაქო პირი და რამდენიმე ათეული დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება სირიის არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებზე“ დაყრდნობით. როგორც იუწყებიან, საჰაერო იერიში მიიტანეს ქალაქ ერიჰაზე, კონფლიქტის დეესკალაციის ზონაში. იმ ობიექტებს შორის, რომლებზეც განხორციელდა დარტყმები, არის საცხობი და საავადმყოფო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმების შესახებ ცნობას საინფორმაციო პროვოკაცია უწოდა.

ერიჰა მდებარეობს პროვინცია იდლიბის ადმინისტრაციულ ცენტრსა და ქალაქ მაარათ-ელ-ნუუმანს შორის. გუშინ ამ უკანასკნელზე კონტროლი დააწესეს სირიის სამთავრობო ძალებმა. ისინი დეკემბრიდან აწარმოებენ შეტევას შეიარაღებული ოპოზიციის ხელთ არსებულ რაიონებზე.

ადრე რუსეთმა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიას ეხმარება, უარყო ბრალდებები პროვინცია იდლიბში დაბომბვებთან დაკავშირებით. თავის მხრივ გაერომ განაცხადა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამედიცინო დახმარების მიწოდება. ამის შედეგად, ერაყში ჩარჩა ჰუმანიტარული ტვირთის 400 ათასი ერთეული.

XS
SM
MD
LG