Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში წევრობა ოფიციალურად დასრულდა


ევროპის პარლამენტის შენობიდან ბრიტანეთის დროშა ჩამოხსნეს
ევროპის პარლამენტის შენობიდან ბრიტანეთის დროშა ჩამოხსნეს

შუა ევროპის დროით შუა ღამით დასრულდა ევროკავშირის 28-ე წევრის - გაერთიანებული სამეფოს - ბლოკის რიგებში ყოფნა.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა ისტორიაში, რომელმაც ევროკავშირი დატოვა. გაერთიანებას ამიერიდან 27 წევრი ჰყავს.

ბრიტანეთის მიერ ბლოკის დატოვების გარშემო კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ლონდონსა და სხვა ქალაქებში 31 იანვარს გაიმართა საჯარო შეხვედრები, რომლის მონაწილეთა ნაწილი სიხარულს და ნაწილი - სინანულს გამოხატავდა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირს დატოვების გამო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ახალი ერა იწყება“. მან თქვა, რომ ბრექსიტი „პატივისცემით“ ჩატარდება, რადგან ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე უკმაყოფილება ჯერ კიდევ დიდია.

ჯონსონი, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას, რომელიც გაჭიანურდა, აღნიშნავს თავის თანაგუნდელებთან ერთად თავის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტზე, ლონდონში.

ევროპის კავშირის დატოვება მოხდა სამნახევარი წლის შემდეგ მას მერე, რაც ქვეყანაში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 52 პროცენტმა დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლას - ბრექსიტს. ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები, 48 პროცენტი, არ მიემხრო ამ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთის დიდი ქალაქები ევროკავშირში დარჩენას უჭერდნენ მხარს, მაშინ, როცა მცირე ქალაქებს გასვლა სურდათ. ინგლისი და უელსი ბრექსიტის მომხრე იყვნენ, ჩრდილოეთ ირლანდია და შოტლანდია - წინააღმდეგი.

2016 წლის შემდეგ ლონდონი ინტენსიურ და მძაფრ მოლაპარაკებას მართავდა ბრიუსელთან, რაც, შარშან, შეთანხმებით დასრულდა. ბრექსიტის ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბრიტანეთმა უნდა მოილაპარაკოს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან ურთიერთობის პირობებზე.

ევროპის პრესაში გამოქვეყნდა ღია წერილი, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის კავშირის პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ურზულა ვონ ლაიენი და დავიდ სასოლი, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე. ისინი წერენ, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა ბრიტანეთთან ახალი ურთიერთობა წარმატებული იყოს. თუმცა, ევროპის კავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთს არ მისცემენ ნებას, სრული წვდომა ჰქონდეს ევროპის ბაზარზე და ამავე დროს არ დაიცვას ევროპის შრომის, საგადასახადო და გარემოს დაცვითი კანონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG