Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ბასილაია: გვაქვს ეჭვი, რომ გიგი უგულავას დაიჭერენ


ბექა ბასილაია, ადვოკატი
ბექა ბასილაია, ადვოკატი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა ხელისუფლებისგან მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს გიგი უგულავას საქმეზე, სავარაუდოდ, გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანენ:

„10 თებერვალს კოლეგია გაბინაშვილის და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ მოისმენს გიგი უგულავას ადვოკატის და გიგი უგულავას პოზიციას, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ეგრეთ წოდებულ ფონდის საქმეზე.

ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა იმდაგვარად, რომ გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა უკვე მოხდილად. და დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნას აღკვეთილი“, - უთხრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან. მისი შეფასებით, საზოგადოებამ სწორედ ამ კონტექსტში უნდა გაიგოს ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ დაჭერები გაგრძელდება.

ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი იყო მაშინ, როდესაც ამ საქმეზე პროკურატურა სამართალწარმოებას აწარმოებდა:

ფაქტიურად, ერთი მხრივ, რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ საქმის პროკურორი და დღესდღეობით არის ამ საქმის მოსამართლე. აი, ასეთ აბსურდულ ვითარებაში მიიღებს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 28 თებერვალს დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებდა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამავე საქმეზე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები, დავით ალავიძე, ალექსი თაბუაშვილი და დავით ავალიანი და თითოეულს შეუფარდა 1 წლით და 2 თვით პირობითი მსჯავრი.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე და მას დაუსწრებლად შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბანაძემ საქართველო 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მუხლით საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს შეფარდებული, ოთხნახევარწლიანი საპატიმრო სასჯელი 1,3 წლით პატიმრობამდე შეუმცირა და დამნაშავედ ცნო არა გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

როგორც უზენაეს სასამართლოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საქმე, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში 2019 წლის 23 იანვარს მიიღო, თუმცა მოსამართლეთა სიმცირის გამო, მისი აქამდე განხილვა ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG