Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა კონგრესს მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე გამოვიდა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

როგორც ტრამპმა თქვა, სამი წლის წინ დაიწყეს აშშ-ის დიდებული დაბრუნება და დღეს შესანიშნავი შედეგები აქვთ. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში შეიქმნა 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, მკვეთრად შემცირდა სიღარიბე და იკლო დანაშაულმა.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკული ეკონომიკის წარმატებებს აღტაცებით აკვირდება მთელი მსოფლიო.

„ჩვენი ქვეყანა ყვავის და მას ისევ დიდ პატივს სცემენ. ამერიკის მტრები გარბიან, ამერიკის ქონება იზრდება და ამერიკის მომავალი თვალისმომჭრელად ნათელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მან ილაპარაკა ამერიკული არმიის გაძლიერებაზეც, რისთვისაც 2.2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ტრამპმა ისიც თქვა, რომ სწორედ მან დაარწმუნა მოკავშირეები, რომ ნატოს დაფინანსება უნდა გაეზარდათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის შედეგად დაასახელა ის, რომ გასული წლის მაისიდან 75%-ით შემცირდა სამხრეთ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები, სხვადასხვა დანაშაულისთვის კი 120 ათასი უცხოელი დააპატიმრეს. ტრამპის განცხადებით, გაგრძელდება მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა.

პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებად განსაზღვრა ინფრასტრუქტურის განახლება, შიდსის საბოლოოდ დამარცხება და კოსმოსური პროგრამების დაფინანსება, რათა აშშ იქცეს პირველ სახელმწიფოდ, რომლის დროშას მარსზე აღმართავენ.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ტირანი და დიქტატორი უწოდა ვენესუელის ხელმძღვანელს ნიკოლას მადუროს, კონგრესის დარბაზში მყოფ ხუან გუაიდოს მიესალმა, როგორც ამ ქვეყნის კანონიერად აღიარებულ პრეზიდენტს და მიმართა, ვენესუელელებს გადასცეს, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ თავისუფლებისთვის მათ ბრძოლას.

დონალდ ტრამპმა ილაპარაკა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმასა და ტერორისტებთან ბრძოლოს წარმატებაზეც. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარბაროსები უწოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს და ტერორისტი - ამერიკელების მიერ მოკლულ ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანის. ტრამპმა ტერორისტები გააფრთხილა, რომ ამერიკელებზე თავდასხმა სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ. აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო ამაყი ირანელები, რომლებმაც ხმა აიმაღლეს მჩაგვრელი მმართველების წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა ავღანეთში მიმდინარე პროცესებზეც და თქვა, რომ თეთრი სახლი მუშაობს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების სამშობლოში დასაბრუნებლად.

კონგრესის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლას არაერთხელ მოჰყვა რესპუბლიკელების ოვაცია და ფეხზე წამოდგომა, განსხვავებით დემოკრატებისგან, რომლებიც უკმაყოფილო შეძახილებით ხვდებოდნენ ტრამპის სხვადასხვა განცხადებას.

მედიამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ გამოსვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი არ ჩამოართვა მისი იმპიჩმენტის ინიციატორს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერს, ნენსი პელოსის, ხოლო ტრამპის გამოსვლის შემდეგ პელოსიმ მისი მიმართვის ტექსტის ასლი დახია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG