Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი კობახიძე: რაც არ უნდა გაუკეთო, ოპოზიცია მაინც დარჩება ქუჩაში


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციები არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმეს ინდიკატორად. მისი თქმით, რაც არ უნდა გაუკეთო ოპოზიციას, ისინი მაინც დარჩებიან ქუჩაში:

„ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ პროპორციული არჩევნების შესახებ ინიციატივის თაობაზე, ისინი მაშინაც იდგნენ გარეთ. ეს არაფრის ინდიკატორი არ არის. ანუ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შემოვიღებდით პროპორციულ საარჩევნო სისტემას, თუმცა ისინი თვეების განმავლობაში მაინც იდგნენ გარეთ. ეს არის უბრალოდ დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. შესაბამისად, რაც არ უნდა გაუკეთო მათ, აუცილებლად დარჩებიან ქუჩაში“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, ოპოზიციის ასეთი სულისკვეთება არ იცვლება, მისგან განსხვავებით კი, უმრავლესობის სულისკვეთება და ამოცანა არის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით თუნდაც ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

„გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, ემოციურ ფონზე. თუმცა, რაც შეეხება პასუხს, როგორც ასეთი, ჩვენ ეს პასუხი არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, მოდით, ყველა ერთად დაველოდოთ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის შეთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს არჩევნების შერეული საარჩევნო მოდელით ჩატარებას პროპორციით 100/50-ზე.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 5 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მორიგი აქცია გამართეს და უმრავლესობის დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორები“ მოუწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG